Welcome

Delete this widget from your Dashboard and add your own words. This is just an example!


ლეონარდო ბრუნი

четверг, 28 октября 2010 г.


ლეონარდო ბრუნი (იტალ. Leonardo Bruni; დ. 1369– გ. 9 მარტი, 1444)–იტალიელი ჰუმანისტი და ისტორიკოსი. დაიბადა არეცოში, რის გამოც არეტინო შეარქვეს. XIV საუკუნის 80–იან წლებში ბრუნი ფლორენციაში გადმოსახლდა, სადაც მან შესანიშნავი განათლება მიიღო. მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს ფრანჩესკო პეტრარკამ, კალუჩო სალუტატიმ და სხვ.

1405–1415 წლებში ბრუნი მდივნად მუშაობდა პაპის კურიაში. 1415 წლიდან იგი კვლავ ფლორენციაში დაბრუნდა, რომელიც არასოდეს დაუტოვებია. იმავე წელს მან ფლორენციის რესპუბლიკის მოქალაქეობა მიიღო, ხოლო 1427 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე რესპუბლიკის კანცლერის თანამდებობა ეკავა.

ლეონარდო ბრუნიმ მრავალმხრივი შემოქმედებითი მემკვიდრეობა დატოვა. მან ბერძნულიდან ლათინურ ენაზე თარგმნა პლატონის, არისტოტელეს, პლუტარქეს, ქსენოფონტესა და სხვათა შრომები. მისი მნიშვნელოვანი ნაშრომია „ფლორენციელი ხალხის ისტორია“, რომელიც კომუნის შეკვეთით დაწერა და 1439 წელს დაასრულა. მის კალამსვე ეკუთვნის შრომები:„ ქალაქ ფლორენციის ქება“, „სამხედრო საქმის შესახებ“, „სწორი თარგმანის შესახებ“ და სხვ.

თუკიდიდე


თუკიდიდე (დ. დაახლ. ძვ. წ. 465/460/455 ― გ. 400/395), ბერძენი (ათენელი) ისტორიკოსი, წარჩინებული და მდიდარი ოჯახის შვილი. "ისტორიის მამის" - ჰეროდოტეს უმცროსი თანამედროვე. სოფისტების მოწაფე და მიმდევარი.

ვიკიციტატებში არის სტატია:
თუკიდიდე

თუკიდიდე დიდად აფასებდა იმ დროის ათენის პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების სათავეში მდგარ პერიკლეს. იბრძოდა პელოპონესის ომში (ძვ. წ. 431-404). სტრატეგოსი იყო და ათენელთა ფლოტს მეთაურობდა თრაკიის სანაპიროს დაცვისას. დამარცხების შემდეგ (სპარტელებმა მიიტაცეს ამფიპოლისი) ძვ. წ. 424, ათენელებმა იგი სამშობლოდან გააძევეს 20 წლით. ექსორიაში ყოფნის დროს თუკიდიდე თავის მამულში - თრაკიაში შეუდგა თხზულების - "ისტორიის" წერას. თხზულება შედგება 8 წიგნისაგან და ეძღვნება პელოპონესის ომების იატორიას. პირველი წიგნი, ე. წ. "არქეოლოგია", როგორც შესავალი ნაწილი, მიმოიხილავს საბერძნეთის ისტორიას უძველესი დროიდან პელოპონესის ომამდე. თხრობა წყდება ომის დაწყებიდან მე-20 წლის (ძვ. წ. 411) ამბებით; ჩანს, ავტორს სიკვდილმა მოუსწრო და თხზულება დაუმთავრებელი დარჩა (გააგრძელა ქსენოფონტმა).

თუკიდიდე ითვლება ისტორიის კრიტიკის შესწავლისა და გააზრების (ანუ მეცნიერული ისტორიის) ფუძემდებლად. წინარე ისტორიკოსთაგან (ლოგოგრაფოსები, ჰეროდოტე) განსხვავებით, იგი საისტორიო თხზულების მიზანდასახულობად თვლის არა "ამოდ საკითხავი" და "ამოდ სასმენი" ამბების თხრობას, არამედ "ჭეშმარიტების ძიებას". ყოველი ფაქტის დასადგენად კრიტიკულად შეისწავლის შესაბამის ისტორიულ მასალას ("წყაროს").

თუკიდიდე პირველი შეუდგა ომის მიზეზებისა და საბაბის ძიებას. პირველი ისტორიკოს-რაციონალისტია, რომელმაც უარყო ისტორიის მოვლენებში (ბუნების მოვლენებშიც) ღმერთის მონაწილეობის "ფაქტი" (თუმცა ღმერთს არ უარყოფდა). თუკიდიდემ პირველმა დაძებნა ისტორიულ, პოლიტიკურ მოვლენათა ეკონომიური და სოციალური საფუძვლები. იგი საკუთარი თხზულების მნიშვნელობას თავად აფასებდა და მას "მარადიულობის მონაპოვრად" მიიჩნევდა. პოლიტიკური მრწამსით თუკიდიდე დემოკრატიისა და ოლიგარქიის "შერწყმა-შერევის" პოზიციაზე იდგა.

ვახუშტი ბატონიშვილი


ვახუშტი ბატონიშვილი (ბაგრატიონი; დ. 1696, თბილისი — გ. 1757, მოსკოვი), ქართველი გეოგრაფი, ისტორიკოსი და კარტოგრაფი.

ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის შვილი. ფრანგი მოგზაურის შარლ პეისონელის (1700―1757) ცნობით, მისი დედა ყმა გლეხის ქალი ყოფილა. ვახუშტი ბატონიშვილის აღზრდა-განათლებას მეურვეობდნენ ძმები იესე და გიორგი გარსევანიშვილები და თბილისში მცხოვრები ფრანგი კათოლიკე მისიონერები.

ვახუშტი ბატონიშვილმა ქართულის გარდა იცოდა ბერძნული, ლათინური, ფრანგული, თურქული, რუსული და სომხური ენები. 1717 წელს ვახუშტი ბატონიშვილი დაქორწინდა მარიამ გიორგის ასულ აბაშიძეზე. ვახუშტი ბატონიშვილი აქტიურად მონაწილეობდა ქართლის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ორჯერ მიიღო მონაწილეობა ქსნის ერისთავთა წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში. 1722, ვახტანგ VI-ის განჯაში ყოფნის დროს, ქართლის სამეფოს გამგებლად იყო დატოვებული. 1724 ვახტანგ VI-ს გაჰყვა რუსეთში, მოსკოვში დაბინავდა და სახელმწიფო ჯამაგირი დაენიშნა. აქვე დაამთავრა (1745) თავისი თხზულება „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, რომელიც საქართველოს გაბმული ისტორიაა უძველესი დროიდან („დასაბამიდან“, „ქვეყნის შექმნიდან“) XVIII საუკუნის პირველ ნახევრამდე.

ავტორი საქართველოს პრობლემებს უკავშირებს მსოფლიო ისტორიას. ნაშრომში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქართველოს პოლიტიკურ და ეთნიკური ერთიანობის იდეას. საქართველოს დაშლის მიზეზს ვახუშტი ბატონიშვილი სამართლიანად ხედავდა XIII-XIV საუკუნეების მოვლენებში.

ვახუშტი ბატონიშვილი ისტორიულ ამბებს მატიანისებური სტილით გადმოგვცემს, ძირითადად ჩერდება პოლიტიკური მოვლენების აღწერაზე, ცდილობს ეს მოვლენები ახსნას მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გზით. პოლიტიკური ისტორიისათვის ვახუშტი ბატონიშვილი იყენებს ისტორიულ ქრონოლოგიას, რომელიც მან მეცნიერებად აქცია. ვახუშტი ბატონიშვილს მოცემული აქვს აგრეთვე საქართველოს ისტორიის პერიოდიზაციის ცდა. მისი აზრით, საქართველოს ისტორია 2 ნაწილისაგან შედგება: 1. ძველი ისტორია 1469-მდე. 2. ისტორია „შემდგომად განყოფისა“, ე.ი. სამეფოს დაშლიდან 1469 ვახუშტი ბატონიშვილის დრომდე.

ვახუშტი ბატონიშვილის ისტორიის პირველი პერიოდის წყარო „ქართლის ცხოვრებაა“, მეორე ნაწილი კი ძირითადად ორიგინალურია. ვახუშტი ბატონიშვილი თავის ნაშრომში გაკვრით ეხება ქართული ენის ზოგიერთი დიალექტის გავრცელების ფარგლებს.

ვოლტერი მარი ფრანსუა არუე

понедельник, 18 октября 2010 г.

(1694-1778) ფრანგი მწერალი, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, ფრანგული განმანათლებლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი.
ფრანსუა მარია არუე დე ვოლტერის პიროვნებაში ერთგვარად ჯამდება ფრანგული განმანათლებლობის ხასიათი; მეთვრამეტე საუკუნის საფრანგეთს სამართლიანად უწოდებენ ვოლტერის ხანას. მრავალმხრივი და ბრწყინვალე გონებით დაჯილდოებული, თავაშვებული აზროვნებისა და ცხოვრების წესის მიმდევარი ვოლტერი 50-მდე წიგნის ავტორია. მის კალამს ეკუთვნის ფილოსოფიური და ისტორიული ნარკვევები, მეცნიერული შრომები, აგრეთვე ტრაგედიები, ლექსები, სატირული და კრიტიკული ესეები. ვოლტერი თანამშრომლობდა ასევე საფრანგეთის ენციკლოპედიის შემქმნელებთან. იცხოვრა ინგლისში, სადაც მეცნიერთა და ფილოსოფოსთა შრომები და ინგლისური პოლიტიკის თავისებურებები შეისწავლა. მისი „ფილოსოფიური წერილები“ (წიგნი ცნობილი იყო სათაურით „წერილები ინგლისელთა შესახებ“), სადაც ვოლტერი ხოტბას ასხამს ინგლისურ ლიბერალურ წყობას, პარიზში კოცონზე დაწვეს. ფრიდრიხ იი პრუსიელის მიწვევით იმყოფებოდა ბერლინში, თუმცა იქ დიდხანს არ დარჩენილა. საფრანგეთში დაბრუნებული ვოლტერი საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვარზე ფარნის ციხე-კოშკში დასახლდა. მეტოქეთა და მოწინააღმდეგეთა ყურადღებისა და შიშის საგნად ქცეულმა ევროპული კულტურის ამ მისანმა ხსენებულ კოშკში 23 წელი გაატარა მშვიდად და უზრუნველად.

ტიტუს ლივიუსი

вторник, 5 октября 2010 г.

ტიტუს ლივიუსი (ლათ.: Titus Livius) (ძვ. წ. 59 - 17) რომაელი ისტორიკოსი.
ტიტუს ლივიუსი დაიბადა პატავიაში (პადუა) შეძლებულ ოჯახში. 28 წლის ასაკში იგი ჩავიდა რომში სადაც მიიღო კარგი განათლება და დაკავდა ისტორიით, ფილოსოფიით და რიტორიკით. მიუხედავად იმისა რომ იგი ოქტავიანეს მეგობარი იყო, ლივიუსი არ იღებდა პოლიტიკაში აქტიურ მონაწილეობას. ცხოვრების უმეტესი ნაწილი მან მიუძღვნა თავის ფუნდამენტალურ ნაშრომებს. ცხოვრების მიწურულს იგი დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში, სადაც გარდაიცვალა 17 წელს

პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი

პუბლიუს (ან გაიუს) კორნელიუს ტაციტუსი (ლათ. Gaius aut Publius Cornelius Tacitus) (56 - 117) რომაელი ისტორიკოსი. დაიბადა სავარაუდოდ სამხრეთ გალიაში, წარჩინებულ ოჯახში. განათლების მიღების შემდეგ შევიდა სახელმწიფო სამსახურში;ეკავა პრეტორისა და კონსულის თანამდებობები. 98 წ.გამოსცა ტრაქტატი:’’გერმანელების წარმოშობისა და გერმანიის ადგილმდებარეობის შესახებ’’.შემდეგში, 98-116 წლებში შექმნა თავისი ორი მთავარი ნაწარმოები ’’ისტორია’’ (Historiae)(14 წიგნისაგან შემდგარი,რომელიც მოიცავს 69-96 წწ. ამ წიგნებიდან დღესდღეობით შენარჩუნებულია I-IVთავები) ’’ანალი’’ (Annalium ab excessu divi Augusti)(16 წიგნისაგან შემდგარი რომელიც მოიცავს 14-68 წწ.)

მარკუს ტერენციუს ვარონი

(მარცხვნივ მარკუს ტერენციუს ვარონი)
მარკუს ტერენციუს ვარონი (Marcus Terentius Varro) (ძვ. წ. 116 - ძვ. წ. 27) ასევე ცნობილი როგორც ვარონ რეატინუსი - რომაელი მწერალი და მეცნიერი.

ჯაბართი-ეგვიპტელი ისტორიკოსი და ზაჰი ჰავასი ახლანდელი ისტორიკოსი

ჯაბართი, ალ-ჯაბართი აბდ ალ-რაჰმან (* 1753 ან 1754 ― † 1826), ეგვიპტელი ისტორიკოსი. მთავარი თხზულება "წარსულის საკვირველი ისტორია თავგადასავლებსა და მოვლენათა ქრონიკებში" ეგვიპტის ისტორიისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი არაბული წყაროა XVII საუკუნის დასასრულიდან 1822-მდე. ჯაბართი თანაუგრძნობდა ეგვიპტელი ხალხის განმათავისუფლებელ ბრძოლას თურქ-მამლუქთა და ფრანგ დამპყრობთა წინააღმდეგ; აკრიტიკებდა ეგვიპტის ფაშას მუჰამად ალის, რის გამოც ჯაბართის ქრონიკა 1879-მდე აკრძალული იყო.
    ზაჰი ჰავასი (არაბ. زاهى حواس‎‎, დ. 28 მაისი, 1947, დამიეტა, ეგვიპტე) — ეგვიპტელი არქეოლოგი და ძველი ეგვიპტის ისტორიკოსი, თანამედროვე ეგვიპტოლოგიის ერთ-ერთი აღიარებული ავტორიტეტი. აქტიურ პოპულარიზაციას უწევს ძველი ეგვიპტის ისტორიასა და კულტურას სატელევიზიო დოკუმენტური სერიალების მეშვეობით.

შუმერი ისტორიკოსები

понедельник, 4 октября 2010 г.

უძველესი შუმერი ისტორიკოსები თავიანთ დოკუმენტებში მხოლოდ ბრძოლებისა და ომის ამბებს როდი გვამცნობენ; ისინი სოციალური და ეკონომიკური ხასიათის მოვლენებსაც ასახავენ. ეს კი, პოლიტიკური ევოლუციის ისტორიისათვის უძვირფასესი წყაროა; ამ დოკუმენტებში კაცობრიობის ისტორიაში პირველად გვხვდება სიტყვა ”თავისუფალი” - შუმერულად ”ამარგი”.
    ძვ.წ III ათასწლეულის დასაწყისში ქალაქ-სახელმწიფოში ლაგაშის ტერიტორიაზე იყო კიდევ რამოდენიმე პატარა ქალაქი.ლაგაშის მცხოვრებნი ძირითადად მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას მისდევდნენ; თუმცა მათ შორის მენავეები, მეთევზეები და ვაჭარ-ხელოსნებიც იყვნენ. ქვეყნის ეკონომიკაც შერეული ხასიათის იყო; ნაწილობრივ, სახელმწიფოს კონტროლს დაქვემდებარებული, ნაწილობრივ - თავისუფალი. მიწის მნიშვნელოვან ნაწილს ტაძრის მსახურნი ფლობდნენ და ნაკვეთებს იჯარით აძლევდნენ დასამუშავებლად სხვას; მაგრამ მიწის დიდი ნაწილი ინდივიდუალური მოქალაქეების კერძო საკუთრებას წარმოადგენდა. ღარიბ მოქალაქეებსაც ჰქონდათ მიწის ნაკვეთები, ბაღები და სახლები. ცხელი და მშრალი კლიმატის გამო მიწის მორწყვა და წყლით მომარაგება საზოგადოების ერთიანი ძალებით იყო მოწესრიგებული, მაგრამ ეკონომიკა ძირითადად, მაინც თავისუფალი სახით ყოველგვარი გეგმის გარეშე არსებობდა. აქედან გამომდინარე, სიმდიდრეც და სიღარიბეც თითოეული მესაკუთრის ფხასა და ენერგიაზე იყო დამოკიდებული. ხელოსნები, რომლებიც ბეჯითად შრომობდნენ, თავიანთ ნაკეთობას ქალაქის ბაზარზე ყიდდნენ;' შუამავალი ვაჭრები წარმატებით ვაჭრობდნენ მეზობელ სახელმწიფოებთან ზღვასა თუ ხმელეთზე.

როგორ მოგწონთ ბლოგი?

About Me

Моя фотография
ვალერი მაჭავარიანი ქ.თბილისის 116 სკოლის მოსწავლე მე-10 კლასი