Welcome

Delete this widget from your Dashboard and add your own words. This is just an example!


ნუმიზმატიკა

вторник, 30 ноября 2010 г.


რას შეიწავლის ნუმიზმატიკა
ძველებური მონეტების მეცნიერულ შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს ამა
თუ იმ ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურის ისტორიის
საკითხების გასაშუქებლად. ერთი შეხედვით, ამ ცივი ლითონის ნაჭრებს
სათანადო დარგის სპეციალისტის ხელში „ამეტყველება” და წარსულის
მთელ რიგ კარდინალურ საკითხებში გარკვეულობის შეტანა შეუძლია.
მონეტა წერილობით წყაროებთან ერთად, გარდასულ დროთა
დიდმნიშვნელოვანი დოკუმენტია. მაგრამ როგორც წყაროს, მას გარკვეული
თავისებურება და, შეიძლება ითქვას, უპირატესობაც ახასიათებს. მონეტის
მოჭრის უფლება, როგორც წესი, სახელმწიფოს კომპეტენციაა. ამდენად,
მონეტა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე საბუთია. აქედან
გამომდინარე ფული, მართალია, ძუნწ ფორმებში, მაგრამ სამაგიეროდ,
ობიექტურად ასახავს ამა თუ იმ ისტორიულ მოვლენას, რამდენადაც ის
დაზღვეულია ავტორის სუბიექტური შეხედულებებისა და
ტენდენციისაგან. საილუსტრაციოდ მრავალი მაგალითის მოტანა
შეგვიძლია, მაგრამ ჯერჯერობით უმჯობესია მოკლედ შევჩერდეთ მონეტის
წარმოშობაზე, ნუმიზმატუკურ მეცნიერებაზე, ზოგიერთ ნუმიზმატიკურ
ტერმინსა და სხვა საკითხებზე.
სამეცნიერო დისციპლინას, რომელიც ძველებურ მონეტებს შეისწავლის,
ნუმიზმატიკა ეწოდება. ეს ტერმინი მომდინარეობს მონეტის ბერძნული
სახელწოდებიდან – ნომისმა. ლათინურად მონეტას ნუმისმა ეწოდება,
ხოლო ძველ ქართულში მის აღსანიშნავად საფასეს ხმარობდნენ. სიტყვა
„მონეტა” თავდაპირველად წარმოადგენდა იუნონას (ქალების მფარველი
რომაული ღვთაებაა) ერთ-ერთ ეპითეტს. ნუმიზმატიკური მეცნიერების
მამამთავრად აღიარებულია იოსებ ილარი ეკელი (1737-1798 წწ.), რომელიც
წლების განმავლობაში ვენის საიმპერატორო ნუმიზმატიკური კაბინეტის
მცველი იყო. მან თავის ფუნდამენტურ ნაშრომში „მეცნიერება ძველებური
მონეტების შესახებ” და დაასაბუთა, რომ ნუმიზმატიკა ცოდნის გარკვეული
სისტემა და მეცნიერების დამუკიდებელი დარგია. ეკელის შემდეგ
ინტერესი ძველებური მონეტების მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა და
იზრდება ყოველდღიურად. ნუმიზმატიკური მეცნიერება დიდ დახმარებას
უწევს ისტორიულ მეცნიერებას, არქეოლოგიას, ხელოვნებათმცოდნეობას,
რელიგიისა და დამწერლობის ისტორიასა და ა. შ. რაც შეეხება ქართული
ნუმიზმატიკური მეცნიერების ჩასახვა-განვითარებას, მისი ფუძემდებელია
რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე თავადი მიხეილ ბარათაშვილი
(1784-1856 წწ.), რომელმაც 1844 წელს პეტერბურგში რუსულ და ფრანგულ
ენებზე გამოსცა კაპიტალური ნაშრომი „საქართველოს სამეფოს
ნუმიზმატიკური ფაქტები”.
ძველ რომაელებს სჯეროდათ, რომ ყველა მამაკაცს ჰყავს თავისი მფარველი
ღმერთი – გენია, ხოლო ქალებს – მფარველი ღვთაება იუნონა, და რომ
ყველა ღვთაება ემორჩილება ცისა და მიწის ღმერთს იუპიტერს და მის
მეუღლეს იუნონა მონეტას (დამრიგებელს, მოძღვარს). და აი, რომის
ყველაზე მაღალ წერტილზე აიგო კაპიტოლიუმის ტაძარი იუნონას
საპატივცემულოდ. რიგი წლების განმავლობაში რომაელები ებრძოდნენ
ეპირის მეფეს პიროსს და ძვ. წ. 275 წელს ბოლოსდაბოლოს დაამარცხეს იგი.
მთელი ნადავლი, რაც კი რომაელებმა ჩაიგდეს ხელთ, შესწირეს იუნონას
ტაძარს და დააკანონეს აქ ფულის მოჭრა. აქედან სახელწოდება – მონეტა.
ლითონისაგან მოჭრილ ფულს ამ ღვთაებისა და ზარაფხანის
საპატივცემულოდ მონეტა ეწოდა.
მონეტა გაჩნდა ძვ. წ. VIII- VII სს-თა მიჯნაზე ერთმანეთისაგან
დამოუკიდებლად ძველი სამყაროს ორ პუნქტში: მცირე აზიის სახელმწიფო
ლიდიაში და კუნძულ ეგინაზე (საბერძნეთი). ასახელებენ ეგინაზე მონეტის
წარმოშობის თარიღს – სულ მალე VIII ოლიმპიადის შემდეგ. პირველი
ოლიმპიადა შედგა ძვ. წ. 776 წელს VIII ძვ. წ. 748 წელს.
ლიდიის მონეტები ელექტრუმისგანაა მოჭრილი, ხოლო ეგინასი –
ვერცხლისაგან. ადრეარქაული მონეტები ცალმხრივია, ე.ი. გამოსახულება
ერთ მხარეზეა ამოტვიფრული, ხოლო მეორე მხარეს ჩაღრმავებები აქვს.
კუნძულ ეგინას მონეტებზე გამოსახულია მორბენალი მელიები. ეს მათი
წმინდა ცხოველი იყო, სიმბოლურად გამოხატავდა ლიდიელთა მთავარ
ღვთაებას ბასარეიას.
უძველესი ქართული მონეტის – „კოლხური თეთრის” – ზოგიერთი სახეობა
ძვ. წ. VI ს-ით თარიღდება. ამრიგად, კოლხეთი სამონეტო ცივილიზაციის
ერთ-ერთი ადრეული კერაა. მას უნდა დაემატოს ისიც, რომ „კოლხური
თეთრის” ზოგიერთი ნიმუში მხტვრული თვალსაზრისით არაფრით
ჩამოუვარდება ბერძნული სამყაროს მონეტებს.
მონეტას ორი მხარე აქვს: შუბლი (ავერსი) და ზურგი (რევერსი). მათ
განსხვავებული ფუნქციები გააჩნია. მონეტის შუბლზე თავსდება ისეთი
გამოსახულება, რომელსაც საკანონმდებლო ფუნქცია აქვს. მასზე
გამოსახული ღვთაება, შემდეგ მონარქი, იმპერატორი, რესპუბლიკისა ან
ქალაქის სიმბოლო ამა თუ იმ მონეტას ბრუნვაში აკანონებს და იძლევა მისი
სრულფასოვნების გარანტიას. ზურგის გამოსახულებას გამოსაცნობი
ფუნქცია აკისრია. მისი დახმარებით ჩვენ ვიგებთ მონეტის მოჭრის ადგილს
(სახელმწიფო, ქალაქი).
საწარმოს, სადაც მონეტის მოჭრა წარმოებდა, ზარაფხანა ეწოდება.
მონეტაზე მოთავსებულ წარწერებს ლეგენდა ან ზედწერილი ჰქვია.
ძველი ბერძნული ვერცხლის მონეტების ძირითად ერთეულს დრაქმა
ეწოდება. გარდა ამისა, იჭრებოდა დიდრაქმა (ორდრაქმიანი), ტეტრადრაქმა
(ოთხდრაქმიანი) დეკარდრაქმა (ათდრაქმიანი), ჰემიდრაქმა
(ნახევარდრაქმიანი) და სხვა. ბერძნული სამყაროს ოქროს მონეტას ეწოდება
სტატერი, რომაულ ვერცხლის ფულს – დენარი, ოქროსას – აურეუსი.
აღმოსავლეთში ვერცხლისაგან იჭრებოდა სიკილა (აქემენიანთა ირანის
ეპოქაში ძვ. წ. VI ს-დან), დირჰემი (VII – XIV სს-ში), თანგა (თემურ-ლენგის
ეპოქიდან), აბაზი (სეფიანთა ირანში), აყჩე (ოსმალეთში); ოქროსაგან –
დარიკი (აქემენიანთა ირანში), დინარი (სასანიანთა ირანსა და არაბთა
სახალიფოში), ალთუნი (ოსმალეთში). ყოველივე ამის ცოდნა
აუცილებელია ქართული სამონეტო სისტემების გასაგებად.

0 коммент.:

Отправить комментарий

როგორ მოგწონთ ბლოგი?

About Me

Моя фотография
ვალერი მაჭავარიანი ქ.თბილისის 116 სკოლის მოსწავლე მე-10 კლასი